Tegeta MotorsPorsche
/

მხილების პოლიტიკა

შპს „თეგეტა მოტორსი“

1. ზოგადი დებულებები

1.1 შპს ,,თეგეტა მოტორსი“ და მისი შვილობილი/დაკავშირებული კომპანიები (შემდგომში თითოეული მოხსენიებული როგორც „კომპანია“, ხოლო „დედა კომპანია“ და შვილობილი/დაკავშირებული კომპანიები ერთად მოხსენიებული როგორც „თეგეტას ჯგუფი“) იღებენ ვალდებულებას, რომ დაიცავენ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის უმაღლეს სტანდარტს და სწორედ ამ მიზნით, კომპანია მოუწოდებს თანამშრომლებს, მომწოდებლებს, ბიზნეს პარტნიორებს, მომხმარებლებს და ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ დააფიქსირონ თანამშრომლების არაეთიკური ქცევისა და დარღვევების შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული კომპანიის საქმიანობასთან.

1.2 წინამდებარე ,,მხილების პოლიტიკა“ (შემდგომში - „პოლიტიკა“/„დოკუმენტი“) მიზნად ისახავს თეგეტას ჯგუფში:

• შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც დაინტერესებულ მხარეს შესაბამის პირებთან შეუძლია დააფიქსიროს/განაცხადოს არაეთიკური ან უკანონო ქმედებების შესახებ კონფიდენციალურად, ყოველგვარი შევიწროების, დაშინების ან შურისძიების შიშის გარეშე;

• წაახალისოს პოტენციური დარღვევის დროული შეტყობინებები;

• უზრუნველყოს თანმიმდევრული და დროული რეაგირება დაფიქსირებულ ფაქტებზე;

• უზრუნველყოს დაფიქსირებულ ფაქტებზე შესაბამისი ზედამხედველობა;

• დანერგოს არასათანადო/არაეთიკური ქცევის პრევენციისა და აღკვეთის შესაბამისი ეფექტური მექანიზმები;

• ხელი შეუწყოს და განავითაროს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის კულტურა.

1.3 თეგეტას ჯგუფი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს გამჟღავნებული საკითხის საფუძვლიანად მოკვლევასა და გამოძიებას. წინამდებარე პოლიტიკა დარღვევის შესახებ ნებისმიერი შეტყობინების ავტორს უზრუნველყოფს სრული კონფიდენციალურობით და იცავს დისკრიმინაციის საფრთხისგან.

1.4 წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება „თეგეტა მოტორსსა“ და მის ჯგუფში შემავალ ყველა შვილობილ კომპანიაზე, მათ თანამშრომლებზე, დირექტორებზე. „თეგეტას ჯგუფში“ შემავალი თითოეული კომპანიის დირექტორი ვალდებულია არაეთიკური/შეუსაბამო ქმედებისა და დარღვევების თაობაზე შემოსული შეტყობინების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უზრუნველყონ წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად და სავალდებულოდ დაიცვას ის პირობები, რაც აღწერილია წინამდებარე დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაფიქსირებული საკითხის მარეგულირებელი სპეციალური წესები კომპანიაში მოქმედი რომელიმე სხვა პოლიტიკით/დოკუმენტით უკვე არის დადგენილი, რა დროსაც დარღვევების მართვა, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უნდა განხორციელდეს სპეციალური წესების შესაბამისად და მათი დაცვით.

2. ტერმინთა განმარტება

2.1 წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები, შემოკლებები და მათი განმარტებები:

• დირექტორი - თეგეტას ჯგუფში შემავალი კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი/პირები;

• SBU დირექტორი - შპს „თეგეტა მოტორსის“ შესაბამისი მიმართულების SBU დირექტორი, რომელიც ხელმძღვანელობს იმ სტრატეგიულ ბიზნეს მიმართულებას, რომლის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება მიენიჭა შპს „თეგეტა მოტორსის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ შვილობილ კომპანიებში მათი წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით პარტნიორისათვის მინიჭებული სრული უფლებამოსილებით;

• მამხილებელი - ნებისმიერი პირი, მათ შორის, დასაქმებული, კონტრაქტორი, ინვესტორი, მომხმარებელი და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც ამ პოლიტიკის შესაბამისად უზრუნველყოფს კომპანიაში დასაქმებული პირის მხრიდან შესაძლო დარღვევების/შეუსაბამო ქმედების დაფიქსირებას ამავე პოლიტიკით დადგენილი წესით;

3. პოლიტიკის გავლენის ფარგლები

3.1 პოლიტიკა ეხება ქვემოთ მოყვანილ დარღვევებს (შემდგომში - ,,შეუსაბამო ქმედება“/,,დარღვევა“):

• სისხლის სამართლის დანაშაული;

• კომპანიის ,,ქცევისა და ეთიკის კოდექსის“ დარღვევა;

• კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების უგულებელყოფა/დარღვევა (შიდა რეგულაციები, პოლიტიკები, პროცედურები);

• კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;

• დისკრიმინაცია, შევიწროება (მათ შორის, სექსუალური შევიწროება) ან/და ფსიქოლოგიური ზეწოლა;

• მექრთამეობისა და ანტიკორუფციული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და კომპანიის შესაბამისი პოლიტიკის უგულებელყოფა;

• კომპანიის აქტივების/რესურსების არამიზნობრივად გამოყენება და ხარჯვა;

• სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;

• ინტერესთა კონფლიქტის არსებობა;

• არასწორი ფინანსური ან არა ფინანსური მართვა (მათ შორის, შეუსაბამო ან თაღლითური სააღრიცხვო პროცედურები ან კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის უგულებელყოფა), თაღლითობა და კორუფცია;

• ნებისმიერი პირის ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი;

• გარემოსთვის ზიანის მიყენება;

• პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევა;

• კონფიდენციალური ინფორმაციის/კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება მესამე პირებისთვის;

• მომხმარებლების უფლებების დარღვევა;

• უსამართლო გადაწყვეტილებები (მაგ.: სამსახურში აყვანის ან/და კარიერული განვითარების/დაწინაურების პროცესის უსამართლოდ წარმართვა, მიკერძოებულობა და აშ.);

• კომპანიის რეპუტაციისთვის თუ ფინანსური კეთილდღეობისთვის ზიანის მომტანი ქცევა;

• შესაბამისობის და ექსპორტის კონტროლის მოთხოვნების დარღვევა ან სავარაუდო დარღვევა;

• ინფორმაციის გამიზნული დაფარვა, რომელიც ეხება ზემოხსენებულ საკითხებს.

3.2 დარღვევები, რომლებზეც არ ვრცელდება წინამდებარე პოლიტიკა:

• მომხმარებელთა პრეტენზიებზე თეგეტას ჯგუფის მიერ რეალიზებულ პროდუქციას ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით;

• დასაქმების პირობების შესახებ ინდივიდუალურ საჩივრებზე, სამუშაო ურთიერთობების სხვა ასპექტებზე, მათ შორის, გადაწყვეტილებებს რომელიც არ იწვევს შრომითი ან სხვა სახის კანონმდებლობის დარღვევას, დასაქმებულებს შორის კონფლიქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე დასაქმებულის მხრიდან ადგილი აქვს ან შეიძლება ჰქონდეს არაეთიკურ ქცევას ან/და სხვა სახის გადაცდომას, მუქარას ან/და ნებისმიერი სახის შევიწროებას;

3.3 თუ, პოლიტიკის თანახმად, შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული მოკვლევისას, გამოვლინდა დასაქმებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო ქმედება, მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი დისციპლინური პროცედურები.

3.4 მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა ვრცელდება კომპანიაში დასაქმებული პირის მხრიდან ჩადენილ დარღვევაზე/შეუსაბამო ქმედებებზე, ამის საპირისპიროდ - თუ ადგილი ექნება პირიქით დასაქმებულის მიმართ სხვა მესამე პირის (არადასაქმებულის) მხრიდან შეუსაბამო ქმედებას, თეგეტას ჯგუფი მაქსიმალურად ეცდება, საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულს შესაძლებლობების ფარგლებში აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება.

4. დარღვევის შესახებ შეტყობინება

4.1 თუ თანამშრომელი ფლობს ინფორმაციას და გააჩნია გონივრული ეჭვი, რომ ადგილი აქვს ან შესაძლოა მომავალში ჰქონდეს, პოლიტიკის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებს, კომპანია მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს განახორციელონ შეტყობინება დარღვევის შესახებ.

4.2 შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს მყარ და სანდო მტკიცებულებებს ან/და ინციდენტთან დაკავშირებული გარემოებების და ფაქტების პირად ცოდნას, რომელიც აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ არასათანადო ქმედება მოხდა ან სავარაუდოდ მოხდება მომავალში.

4.3 შეტყობინებები არ უნდა ეფუძნებოდეს პირის ბოროტ განზრახვას, სპეკულაციებს ან ჭორებს, კომპანია არ დაუშვებს აღნიშნული პრაქტიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას და არ წაახალისებს ინფორმაციის ამგვარი ფორმით მიღებას. უფრო მეტიც, მამხილებლის მიმართ, რომელიც წინასწარ შეცნობით შეტყობინების შინაარსს დააფუძნებს ყალბ ბრძალდებებს ან/და გამჟღავნებული ინფორმაცია იქნება არასერიოზული და უსაფუძვლო, შესაძლოა გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

5. დარღვევის შესახებ შეტყობინების პროცედურა

5.1 პოტენციურ დარღვევასთან დაკავშირებით საკითხის დასაფიქსირებლად მამხილებელმა უნდა მიმართოს რომელიმე ქვემოთჩამოთვლილ სტრუქტურულ ერთეულს:

• შესაბამისობის და ექსპორტის კონტროლის ოფიცერი - Whistleblowing@tegetamotors.ge

• იურიდიული დეპარტამენტი - Legal@tegetamotors.ge

• ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი: Wecaretegetamotors@tegetamotors.ge (სპეციალური საკონტაქტო არხი);

• უსაფრთხოების დეპარტამენტი - TGMSecurity@tegetamotors.ge

• სამეთვალყურეო საბჭოს აუდიტის კომიტეტი - AuditCommittee@tegetamotors.ge

5.2 დარღვევის ფაქტის შესახებ მამხილებელი თავად ირჩევს კომპანიისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმას, თუმცა კომპანიის 5.1. პუნქტში მითითებული თითოეული სტრუქტურული ერთეული ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში მოახდინოს დაუყოვნებლივი რეაგირება, კერძოდ, დაიწყოს მოკვლევის პროცედურა.

5.3 მამხილებელი შეტყობინებაში მიუთითებს სავარაუდო დამრღვევი პირის სახელს და გვარს, დაკავებულ თანამდებობას, პოტენციური დარღვევის ფაქტებს, ფაქტის ჩადენის ადგილს და თარიღს და პოტენციურ დარღვევასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო ინფორმაციას. არსებობის შემთხვევაში, მამხილებელი დაურთავს მტკიცებულებებს (წერილობითი, ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა მასალა, მესამე პირების ვინაობა, რომლებიც შესაძლოა ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ და ა. შ.).

5.4 კომპანიის მოლოდინია, წინამდებარე პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლებმა ან/და სხვა დაინტერესებულმა პირმა ღიად და დაუფარავად დააფიქსირონ შეუსამაბო ქმედებების/პოტენციური დარღვევების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. დადასტურებული ან საეჭვო გადაცდომის შესახებ ინფორმაციის წყაროს ღიაობა ხელს შეუწყობს სრულყოფილი მოკვლევის ჩატარებას. თუმცა, განურჩევლად წყაროს ღიაობისა თუ კონფიდენციალურობისა, კომპანია იღებს ვალდებულებას ჩაატაროს სათანადო მოკვლევა. ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა გარანტირებულია, თუ ამგვარია მისი არჩევანი. პირის ვინაობის და ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ვინაობისა და ინფორმაციის გამჟღავნების აუცილებლობის შესახებ საკითხის პირადად მასთან შეთანხმების შემდეგ ან კანონმდებლობის შესაბამისად.

5.5 დარღვევის/შეუსაბამო ქმედების ფაქტის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების შემთხვევაში, შეტყობინების მიმღები სტრუქტურული ერთეული ვალდებულია მამხილებლის მიერ დაფიქსირებული საკითხის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს შპს ,,თეგეტა მოტორსის“ აღმასრულებელ და ფინანსურ დირექტორის, შესაბამისი კომპანიის დირექტორს (თუ სავარაუდო დამრღვევი არის თეგეტა მოტორსის შვილობილი/დაკავშირებული კომპანიის დასაქმებული) და შესაბამისი SBU დირექტორს.

5.6 დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შპს ,,თეგეტა მოტორსის“ აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორი და შესაბამისი SBU დირექტორი ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ფორმად განსაზღვრონ განხილვის მარტივი პროცედურა თუ შექმნან მოკვლევის ჯგუფი (შემდგომში - ,,ჯგუფი“) და საკითხი წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული წესების დაცვით განსახილველად მას გადასცენ.

6. განხილვის მარტივი პროცედურა

6.1 განხილვის ფორმად განაცხადის განხილვის მარტივი პროცედურის შერჩევის შემთხვევაში გამოიყენება ამ თავით გათვალისწინებული წესები.

6.2 შესაბამისი SBU დირექტორი, იურიდიული განყოფილებისა და HR ბიზნეს პარტნიორის ჩართულობით, დაუყოვნებლივ ესაუბრება მამხილებელს და სავარაუდო დამრღვევს ინდივიდუალურად ან/და ერთობლივად.

6.3 გასაუბრების 5 სამუშაო დღის ვადაში წარმატებით დასრულების შემთხვევაში, HR ბიზნეს პარტნიორი მონიტორინგს უწევს დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის პროცესს.

6.4 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გასაუბრების უშედეგოდ დასრულების/საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორი საკუთარი ინიციატივით ან/და შესაბამისი SBU დირექტორის მიმართვის შემთხვევაში, იწყებს განცხადების განხილვის ფორმალურ პროცედურას, რისთვისაც ქმნის შესაბამის ჯგუფს.

7. განხილვის ფორმალური პროცედურა

7.1 განხილვის ფორმალური პროცედურის ფარგლებში, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ყოველი კონკრეტული განაცხადის არსებობის პირობებში ერთჯერადად იქმნება მოკვლევის ჯგუფი და განაცხადი განსახილველად გადაეცემა მას.

7.2 ჯგუფი განიხილავს მამხილებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას/ფაქტებს და სავარაუდო დამრღვევის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს და გასცემს რეკომენდაციებს.

7.3 სავარაუდო ბრალდებულს უფლება აქვს მიიღოს სრული ინფორმაცია პროცესის შესახებ, გაეცნოს მასალებს, მიიღოს შეუზღუდავი შესაძლებლობა მოკვლევის ჯგუფთან საკუთარი პოზიციის არგუმენტირების, მოითხოვოს კონფიდენციალურობის დაცვა როგორც განხილვის პროცესში, ისე მის შემდეგ.

7.4 მოკვლევის ჯგუფი წარმოადგენს მსგავსი დავების/განცხადებების განხილვისთვის შექმნილ სპეციალურ ორგანოს, რომელიც შედგება მინიმუმ 5 წევრისგან და დაკომპლექტებულია კომპანიის სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებისგან შემდეგი პრინციპით:

• შპს ,,თეგეტა მოტორსის“ აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორი ან შესაბამისი SBU დირექტორი;

• შპს ,,თეგეტა მოტორსის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი;

• შპს ,,თეგეტა მოტორსის“ უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი;

• შპს ,,თეგეტა მოტორსის“ HR მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი;

• შპს ,,თეგეტა მოტორსის“ იურიდიული განყოფილების წარმომადგენელი;

7.5 მოკვლევის ჯგუფში შემავალი პირები უნდა სარგებლობდნენ კომპანიის თანამშრომლების ნდობით, კარგი რეპუტაციით და მაღალი ავტორიტეტით.

7.6 მოკვლევის ჯგუფი გენდერულად უნდა იყოს დაბალანსებული.

7.7 ჯგუფის ნებისმიერ წევრს აქვს თვითაცილების უფლება, თუკი ის ბრალდებულ პირთან იმყოფება ახლო მეგობრულ ან ნათესაურ კავშირში და მისი ობიექტურობა იქნება საეჭვო.

7.8 მამხილებელი ან/და შესაძლო ბრალეული პირი უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ:

• ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, მოკვლევის ჯგუფის რომელიმე წევრის სხვა თანამშრომლით ჩანაცვლება;

• კომპანიის თანამშრომელი წევრის მესამე დამოუკიდებელი პირით ჩანაცვლება, რომელსაც აქვს საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია.

7.9 მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების და მოკვლევის ჯგუფის ალტერნატიული წევრის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორი.

7.10 საქმის შესწავლის პროცესში ჩართული ყველა პირი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობა, არ გაასაჯაროოს მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, გამოკვლეული მტკიცებულებები და მიღებული გადაწყვეტილება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

8. მოკვლევის ჯგუფის მუშაობის წესი და პრინციპები

8.1 მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია:

• გამოკითხოს მამხილებელი (თუ მისი ვინაობა ცნობილია);

• გამოკითხოს სავარაუდო დამრღვევი;

• გამოკითხოს სავარაუდო დაზარალებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

• გამოკითხოს მესამე პირები, ვინც შესაძლოა ფლობდეს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

• გამოიკვლიოს საქმეში არსებულ ნებისმიერი მტკიცებულება.

8.2 გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, მოკვლევის ჯგუფი იღებს დასაბუთებულ წერილობით გადაწყვეტილებას, დარღვევის ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დარღვევის შედეგად კომპანიას მიადგა რაიმე სახის ზიანი, მოკვლევის ჯგუფმა უნდა დაადგინოს დამდგარი ზიანის სიმძიმე/ოდენობა.

8.3 დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გასცემს რეკომენდაციას თუ რა სახის პასუხისმგებლობის ზომა უნდა იქნეს გამოყენებული დამრღვევის მიმართ.

8.4 იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის ფაქტი დაკავშირებულია მომხმარებელთან, ჯგუფის გადაწყვეტლებით უნდა განისაზღვროს მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარებაზე პასუხისმგებელი დასაქმებული.

8.5 დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მოკვლევის ჯგუფი წყვეტს საქმიანობას.

8.6 მოკვლევის ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლები გადაეცემა მოკვლევაში ჩართულ ყველა პირს, ხოლო ორიგინალი ინახება HR მართვის დეპარტამენტში.

9. საჩივრის განხილვის ვადები

9.1 საჩივრის განხილვის მარტივი პროცედურის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორი ან შესაბამისი SBU დირექტორის მიმართვიდან, 5 სამუშაო დღის ვადაში ქმნის შესაბამის მოკვლევის ჯგუფს.

9.2 მოკვლევის ჯგუფი გადაწყვეტილებას, დარღვევის ფაქტის დადასტურების და საჭიროების შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგელობის დაკისრების შესახებ, იღებს საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღის ვადაში.

9.3 თუ დისციპლინური გადაცდომისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია 14 სამუშაო დღეზე მეტი ვადა, აღნიშნული ვადის გასვლამდე 4 სამუშაო დღით ადრე, აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორი მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური წარმოების ვადის დამატებით არაუმეტეს 14 სამუშაო დღით გაგრძელების თაობაზე.

10. მოკვლევის ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

10.1 მოკვლევის ჯგუფის წევრები საჩივრის და არსებული მტკიცებულებების განხილვის შემდეგ ატარებენ კენჭისყრას, რომლის მიზანია ბრალის ცალსახა დადასტურება ან უარყოფა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის სახის განსაზღვრა.

10.2 იმ შემთხვევაში, თუ წევრების მინიმუმ 51% ადასტურებს ბრალს, დგება ბრალდებული თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხი.

10.3 დისციპლინური პასუხისმგებლობის სახის განსაზღვრისთვის საჭიროა წევრების ხმათა მინიმუმ 51%, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ განისაზღვრება თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება, რისთვისაც საჭიროა ჯგუფის წევრების ხმათა მინიმუმ 70%.

10.4 იმ შემთხვევაში, თუ ბრალი ცალსახად არ დადასტურდა, ჯგუფი ბრალდებულის და საჩივრის ავტორის მიმართ, იღებს გადაწყვეტილებას შემდგომ მოქმედებებზე (მაგალითად: ბრალდებულთან ან/და საჩივრის ავტორთან გასაუბრება, კონკრეტული შემთხვევის განხილვა და პრევენციულ ზომებზე შეთანხმება, სიტყვიერი გაფრთხილება და სხვ.).

11. ანგარიშის წარდგენა

11.1 იურიდიული განყოფილება ვალდებულია შემაჯამებელი ანგარიშები ყოველწლიურად წარუდგინოს შპს ,,თეგეტა მოტორსის“ აღმასრულებელ და ფინანსურ დირექტორს. გადაუდებელ შემთხვევებში კი დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოთ მათ ინფორმაცია. აღნიშნულ ანგარიშში ასახული იქნება ყველა შეტყობინების ფაქტი და ინფორმაცია მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომების შესახებ.

11.2 მოკვლევის პერიოდში შეტყობინების ავტორს მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია მოკვლევისა თუ მოძიებული ფაქტების შესახებ. თუმცა, შესაძლოა გაჩნდეს გარემოებები, როდესაც კონფიდენციალურობის საჭიროებიდან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს ზოგიერთი დეტალის ან შედეგის გამჟღავნება. მოკვლევასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია.

11.3 თუ შეტყობინების ავტორი/მამხილებელი უკმაყოფილოა კომპანიის მიერ გატარებული ღონისძიებებით და გააჩნია სათანადო მტკიცებულებები მის მიერ დასმული საკითხის უტყუარობის შესახებ, შეუძლია პირდაპირ მიმართოს აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს.

12. ინფორმაციის გატანა კომპანიის გარეთ

12.1 წინამდებარე პოლიტიკის მიზანია უზრუნველყოფილ იქნას შიდა მექანიზმები - შეტყობინება, მოკვლევა, საბოლოო მოგვარება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, გამორიცხავს საკითხის კომპანიის ფარგლებს გარეთ გატანას.

12.2 კანონმდებლობით აღიარებულია, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, სავალდებულოა, მოხდეს საკითხის კომპანიის ფარგლებს გარეთ გატანა და ეცნობოს მარეგულირებელ/სამართალდამცავ ორგანოს. ნებისმიერი საკითხის კომპანიის ფარგლებს გარეთ გატანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სავალდებულოა სამართლებრივი კონსულტაციის გავლა თეგეტას ჯგუფის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უმაღლეს მენეჯერთან.

13. თანამშრომელთა დაცულობა

13.1 წინამდებარე პოლიტიკის ფარგლებში, დაუშვებელია შეტყობინების ავტორის დასჯა ან მის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციის გამოყენება, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლება, დისციპლინური ღონისძიებები, მუქარა, სხვა სახის ზეწოლა, მიუხედავად მის მიერ დასმულ საკითხთან მიმართებაში დამდგარი შედეგისა. თუ შეტყობინების ავტორი მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელდა მსგავსი სახის სანქციები, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იურიდიულ განყოფილებას.

13.2 ბოროტი განზრახვით ან პირადი გამორჩენის მიზნით, ცრუ ბრალდებებში მხილებული თანამშრომლები დაისჯებიან დისციპლინური ან სხვა შესაბამისი სასჯელით.

13.3 წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით, დაუშვებელია კოლეგებმა განახორციელონ რაიმე სახის ზეწოლა შეტყობინების ავტორზე. ინფორმაციის მოწოდებისთვის დევნა ან ხელის შეშლა განიხილება დისციპლინურ გადაცდომად. ამასთან, პირის ნებისმიერი სახით დევნა ან არასასურველი მოპყრობა აკრძალულია კანონმდებლობით.

14. პოლიტიკის განხორციელება

14.1 აღნიშნული პოლიტიკის განხორციელებაზე, საერთო პასუხისმგებლობა ეკისრება სამეთვალყურეო საბჭო აუდიტის კომიტეტის მეშვეობით. პასუხისმგებლობა პოლიტიკის ფუნქციონირებაზე, მათ შორის მონიტორინგზე, ასევე, ორგანიზაციაში მოკვლევების შედეგად განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემაზე ეკისრება სამეთვალყურეო საბჭოს აუდიტის კომიტეტს.

14.2 წინამდებარე პოლიტიკის მხარდაჭერის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მაღალი თანამდებობის პირებს. ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პირობები, სადაც თანამშრომლები თავს იგრძნობენ დაცულად.

14.3 თანამშრომელი ვალდებულია გააცნობიეროს და მისდიოს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რეგულაციებს და წინამდებარე პოლიტიკას. ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში, კოლეგებმა უნდა მიმართონ იურიდიულ განყოფილებას. წინამდებარე პოლიტიკის უგულვებელყოფამ, შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინური სასჯელი.

15. პოლიტიკის უგულებელყოფა

15.1 ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც უგულებელყოფს წინამდებარე პოლიტიკას, შეიძლება დაექვემდებაროს დისციპლინურ სასჯელს, მათ შორის, მოხდეს მისი სამსახურიდან განთავისუფლება, ან დაეკისრება კანონდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

16. მონიტორინგი და შემოწმება

16.1 ინფორმაცია აღნიშნული პოლიტიკის შესახებ შეტანილი იქნება საორიენტაციო და პერიოდულ ტრენინგებში, რომელიც უნდა გაიაროს თითოეულმა ახალმა თანამშრომელმა და საჭიროებისამებრ ძველმა თანამშრომელმა.

17. პასუხისმგებლობა

17.1 წინამდებარე პოლიტიკით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამის პირთა როგორც დისციპლინურ, ისე, მატერიალურ პასუხისმგებლობას.

17.2 წინამდებარე პოლიტიკით დაკისრებული სავალდებულო მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაძლოა გამოყენებული იქნას კომპანიის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

17.3 იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის თანამშრომლის მიერ წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული რომელიმე წესის დარღვევა გამოიწვევს კომპანიისთვის ზიანის მიყენებას, შესაბამის პასუხისმგებელ დასაქმებულს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად კომპანიისთვის ფაქტობრივად მიყენებული ზიანის ოდენობის გათვალისწინებით.

17.4 წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების დაკისრებაზე გადაწყვეტილებს მიმღები პირები/ორგანოები არიან:

• ,,თეგეტას ჯგუფის“ კომპანიის თანამშრომლის შემთხვევაში - შესაბამისი კომპანიის დირექტორი;

• ,,თეგეტას ჯგუფის“ კომპანიის დირექტორის შემთხვევაში - შპს ,,თეგეტა მოტორსის“ შესაბამისი SBU დირექტორი;

• შპს ,,თეგეტა მოტორსის“ SBU დირექტორის შემთხვევაში - შპს ,,თეგეტა მოტორსის“ სამეთვალყურეო საბჭო.

17.5 პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღსრულებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულია HR მართვის დეპარტამენტი (კომპანიაში ასეთი სტრუქტურული ერსთეულის არარსებობის შემთხვევაში - HR მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული).

დარღვევის შესახებ შეტყობინება

აღწერეთ სავარაუდო დარღვევის ფაქტი, ადგილი, თარიღი და სხვა რელევანტური დეტალები.